1 იხილეთ, რაბამი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ ღმრთისა ვიწოდნეთ. ამისთჳს სოფელმან არა გიცნის თქუენ, რამეთუ არცა იგი იცნეს.
2 საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღარა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. გარნა ვიცით, რამეთუ უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავსად მისსა ვიყვნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა იგი არს.
3 და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს.
4 ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უსჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უსჯულოებაჲ.
5 და იცით, რამეთუ იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს.
6 ყოველი რომელი მის თანა ეგოს, არცა ცოდოს და ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.
7 შვილნო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ. რომელმან ქმნეს სიმართლე, იგი მართალ არს, ვითარცა იგი თავადიცა მართალ არს.
8 რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.
9 ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.
10 ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი.
11 რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
12 არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ.
13 ნუ გიკჳრნ თქუენ, ძმანო ჩემნო, რამეთუ გძულობს თქუენ სოფელი.
14 ჩუენ უწყით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს.
15 ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად.
16 ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
17 უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი სოფლისაჲ ამის და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა ეჴმარებოდეს რაჲმე და დაჰჴშნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე ჰგიეს მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ?
18 შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
19 და ამით საცნაურ ვიყვნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგანნი ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გუერწმუნებიან.
20 რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.
21 საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.
22 და რაჲცა-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.
23 და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მომცა მცნებაჲ.
24 და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ. |