1 წელსა შინა მესამესა კჳროს მეფისასა სპარსთაჲსასა სიტყუაჲ გამოეცხადა დანიელსა, რომელსა სახელად ზედეწოდა ვალტასარ, და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ძალი დიდი და გულისხუმის-ყოფა მოეცა ჩუენებასა შინა.
2 მათ დღეთა შინა მე, დანიელ, ვიყავ მგლოვარე სამსა შჳდეულსა დღეთასა.
3 პური გულისსათქმელი არა ვჭამე, და ჴორცი და ღჳნო არ შევიდა პირად ჩემდა და საცხებელი არ ვიცხე ვიდრე დასასრულამდე სამთა შჳდეულთა დღეთასა.
4 და დღესა შინა მეოცდამეოთხესა თთჳსა პირველისასა მე ვიყავ მახლობელად მდინარისა დიდისა, რომელ არს ტიგრისი ედდეკელ.
5 და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, დადგა კაცი ერთი შემოსილი ბადენითა და წელნი მისნი გარემორტყმულ ოქროთა, ოფაზითა.
6 და სხეული მისი, ვითარცა თარშე, და პირი მისი, ხილვა ვითარცა ელვისაჲ, და თუალნი მისნი, ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და მკლავნი მისნი და წჳვნი მისნი, ვითარცა ხილვაჲ რვალისა აელვებულისა, და ჴმაჲ სიტყვათა მისთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ერისაჲ.
7 და ვიხილე მე, დანიელ, მარტომან ჩუენება და ჩემთანათა კაცთა არა იხილეს ჩუენება, არამედ, განცჳბრება დიდი დაეცა მათ ზედა და ივლტოდეს შიშისაგან.
8 და მე დავშთი მარტოჲ და ვიხილე ჩუენება ესე დიდი და არა დაშთა ჩემ შორის ძალი, და დიდებაჲ ჩემი გარდაიქცა განხრწნილებად და ვერ ვიპყარ ძალი.
9 და მესმა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ და სმენასა შინა ჩემდა ჴმისა სიტყვათა მისთაჲსასა ვიყავ შეჭმუნვილ პირითა ჩემითა, და პირი ჩემი დამედრიკა ქუეყანასა ზედა.
10 და, აჰა, ჴელი შემხები ჩემი, და აღმადგინა მე მუჴლთა ჩემთა ზედა და კუალთა ზედა ფერჴთა ჩემთასა.
11 და თქუა ჩემდამო: დანიელ, კაცო გულისსათქმელო, გულისხუმა-ყუენ სიტყუანი, რომელთა მე ვიტყჳ შენდამი და თქუმასა შინა მისსა ჩემდამო დადეგ დგომასა ზედა შენსა, რამეთუ აწ მოვივლინე შენდამი, და თქმასა შინა მისსა ჩემდამო სიტყჳსა ამისსა აღვდეგ მძრწოლარე.
12 და თქუა ჩემდა მომართ: ნუ გეშინინ, დანიელ, რამეთუ დღითგან პირველით, რომლით მიეც გული შენი გულისხუმის-ყოფად და ძჳრის-ხილვად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, სასმენელ ექმნეს სიტყუანი შენნი. და მე მოვედ სიტყუათა შინა შენთა.
13 და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა.
14 და მოვედ გულისხუმის-ყოფად შენდა, რაოდენნი შეემთხჳნენ ერსა შენსა უკანაჲსკნელთა დღეთა ზე, რამეთუ მერმე ხილვაჲ დღეთა მიმართ.
15 და ზრახვასა შინა მისსა ჩემდამო სიტყუათა ამათებრ მივეც პირი ჩემი ქუეყანასა ზედა და შევჭმუნდი.
16 და, აჰა, ვითარცა მსგავსება ძისა კაცისა, შემახო ბაგეთა ჩემთა, და აღვაღე პირი ჩემი, და ვზრახევდ და ვთქუ მდგომარისა მიმართ წინაშე ჩემსა: უფალო, ჩუენებასა შინა შენსა მოიქცეს შინაგანნი ჩემნი ჩემ შორის, და, აჰა, არა მაქუს ძალი.
17 და ვითარ შემძლებელ იქმნეს მონაჲ შენი, უფალო, ზრახვად უფლისა ამის თანა ჩემისა? და ამიერითგან არ დადგეს ჩემ შორის ძალი და მშჳნვაჲ არ დაშთა ჩემ თანა.
18 და შესძინა და შემახო მე, ვითარცა ხილვამან კაცისამან, და განმაძლიერა მე.
19 და მრქუა მე: ნუ გეშინინ, მამაკაცო გულისსათქმელთაო, მშჳდობაჲ შენდა, მჴნობდ და განძლიერდი! და ზრახვასა მისსა ჩემ თანა განვძლიერდი და ვთქუ: იტყოდედ უფალი, რამეთუ განმაძლიერე მე.
20 და მრქუა მე: უკუეთუ უწყი, ვითარმედ მოვედ შენდა მომართ და აწ მივიქცე ბრძოლად მთავრისა თანა სპარსთასა, და მე განვიდოდე და მთავარი ელლინთაჲ მოვიდოდა,
21 არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი. |