1 გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა
2 იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.
3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
4 მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
5 რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?
6 მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?
7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.
9 ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ
10 წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
11 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.
12 კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;
13 პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
14 ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,
15 ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.
16 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
17 სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.
18 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
19 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.
20 უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა,
21 აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.
22 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
23 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.
24 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.
25 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
26 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე. |