1 ხოლო რაჟამს დაბერდა სამოველ, დაადგინა ძენი მისნი მსაჯულად ისრაჱლსა ზედა.
2 და ესე სახელები არს ძეთა მისთა: პირმშო მისი იოელ, შემდგომი მისი აბა, მსაჯულნი ბერსაბესანი.
3 და არა ვიდოდეს ძენი იგი მისნი გზათა მისთა, არამედ შეუდგეს იგინი ანგაჰარებასა, მიიღებდეს ქრთამსა და სამართალი არა უყვიან.
4 და შეკრბა ყოველი ნათესავი ისრაჱლისა, მოვიდეს სამოველისა არმათემად.
5 და რქუეს მას: შენ, ესერა, დაბერებულ ხარ, და ძენი შენნი არა ვლენან გზათა შენთა. აწ მოგუეც ჩუენ მეფე, რათა სჯიდეს სამართალსა, ვითარცა სხუათა ნათესავთა არს!
6 და შეუძნდა სიტყუაჲ ესე სამოელს, რამეთუ რქუეს მას, ვითარმედ: მოგუეც მეფე, რომელი წინაგჳძღოდის ჩუენ! და ილოცვიდა სამოველ უფლისა მიმართ.
7 და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ.
8 ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინათგან მოვიყვანნეთ იგინი ეგჳპტით ვიდრე დღევანდელად დღედმდე, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს.
9 აწ შენ ისმინე მათი; აღთქმა დავდვა მათ შორის და უთხრა წესი და სამართალი სამეფო, რომელი მეფობდეს მაგათ ზედა.
10 და უთხრა სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ ღმრთისა ერსა მას, რომელნი ითხოვდეს მისგან მეფესა.
11 და რქუა მათ: ესე წესი არს მეფისა, რომელი მეფობდეს თქუენ ზედა: მიგიხუნეს შვილნი თქუენნი და ყვნეს მჴედრებად, რომელნიმე მეეტლედ და წინამოცორვალად,
12 და რომელნიმე დაადგინნეს ათასისთავად და ასისთავად, მჴნველად და მომკალად, და მწველელად და მეზუერედ, და ყუნეს მათგანნი რომელიმე ჯაჭჳსმოქმედად და საჭურველისა.
13 და ასულნი თქუენნი მიგიხუნეს და ყვნეს საცხებელისმგბოლველ და მექოთნედ და მეპურე.
14 და მიგიღოს ყანები და ვენაჴები თქუენი და ზეთისხილები კეთილ-კეთილი და ნაყოფიერი, და მისცეს იგი მონათა თჳსთა.
15 და ნაყოფისაგანი ყანათა და ვენაჴთა თქუენთა ათეული მიიღოს, და მისთა საჭურისთათჳს და მონათა.
16 მონანი და მჴევალნი თქუენნი, მროწეულნი და კარაულნი და ჴარნი თქუენნი მოგიხუნეს და დაადგინნეს საქმესა მას სამეფოსა.
17 და საცხოვართა თქუენთა ათეული მიიღოს და იყვნეთ თქვენ მონად და მსახურად.
18 და ღაღადებდით მეფისა მის, და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამოირჩიეთ მეფე.
19 და არა უნდა ერსა მას სმენად სიტყუაჲ იგი სამოველისა. მაშინ რქუეს მას: არა ეგრე არს, არამედ დაადგინე ჩუენ ზედა მეფე
20 და მორჩილ ვიყუნეთ მისა, ვითარცა სხუანი ნათესავნი და განგვიკითხევდეს ჩუენ მეფე და ბრძოდეს მტერთა ჩუენთა.
21 მაშინ ისმინა სამოველ სიტყუაჲ იგი მათი და უთხრა ყოველი უფალსა.
22 და რქუა უფალმან სამოველს: ისმინე მათი და დაადგინე მათ ზედა მეფე, რათა მეფობდეს მათ ზედა! და გამოვიდა სამოველ და უბრძანა ერსა მას: წარვედით თქუენთჳს ქალაქად! |