1 ესე მცნებანი არიან და სამართალნი და მშჯავრი, რომელ-იგი გამცნო თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან, რათა ისწაოთ და ჰყოთ ესე ქუეყანასა მას, რომელსა-ეგე თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.
2 რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენოსა და დაიცვნე შენ მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე შენ და შვილთა შენთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რათა დღეგრძელ იყო შენ.
3 ისმინე, ისრაჱლ, და ეკრძალე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა, რათა კეთილი გეყოს შენ და განმრავლდე ფრიად, ვითარცა ეტყოდა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა ქუეყანა იგი, რომელსა გამოდის სძე და თაფლი (ესე სამართალნი და მშჯავრნი არიან, რომელ-იგი ამცნო მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა შინა, რაჟამს გამოვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით).
4 გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს.
5 და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.
6 და იყვნენ სიტყუანი ესე, რომელთა მე გამცნებ შენ დღესდღე გულსა შენსა და გონებასა შენსა.
7 და ასწავლნე ეგენი შვილთა მათ შენთა და იტყოდი მაგათ ჯდომასა სახლსა შინა შენსა და სლვასა გზასა შენსა და სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა.
8 შეიბნე ესე სასწაულად ჴელსა შენსა და იყვნედ ეგენი შეურყეველად წინაშე თუალთა შენთა.
9 და დასწერნე იგინი ზღრუბლსა სახლისა შენისასა წყირთლთა ბჭეთა შენთასა.
10 და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი ეფუცა მამათა მათ შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად შენდა ქალაქებისა მის დიდ-დიდებისა და შუენიერებისა, რომელ შენ არა აღაშენენ.
11 და სახლებისა მის სავსისა ყოვლითა მით კეთილითა, რომელ შენ არა აღავსენ ჯურღმულებისა მის აღმოქმნულებისა, რომელ არა შენ აღმოჰქმნენ, ვენაჴებისა მის და ზეთისხილებისა, რომელ არა შენ დაჰნერგენ.
12 შჭამდე რაჲ უკუე და განსძღე.
13 ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა, უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე და მას მხოლოსა ესვიდე და სახელსა მისასა ჰფუცვიდე.
14 არა შეუდგე შენ კუალსა ღმერთთა უცხოთა, კერპთა მათ წარმართთასა, რომელნი-იგი გარემო იყვნენ თქუენსა.
15 რამეთუ ღმერთი მოშურნე არს და უფალმან ღმერთმან შური იძიოს შენგან, ნუუკუე განრისხნეს უფალი ღმერთი შენ ზედა და მოგსპოს შენ პირისაგან ქუეყანისაჲსა.
16 არა განსცადო შენ უფალი ღმერთი შენი, ვითარცა-იგი განსცადეთ დღესა მას განცდისასა.
17 დამარხვით დაიმარხნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი. წამებანი მისნი და სამართალნი მისნი, რომელ-იგი გამცნო შენ.
18 ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა, რათა კეთილი გეყოს შენ და შეხვიდე და დაიმკჳდრო ქუეყანა იგი კეთილი, რომელთა-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა
19 განდევნად მტერთა მათ შენთა პირისაგან შენისა, ვითარცა ეტყოდა უფალი.
20 იყოს, რაჟამს გითხვიდენ შენ შვილნი შენნი ხვალე, ზეგე და გრქუან: რაჲ არიან წამებანი ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელ-ეგე გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან?
21 მიუგო შენ შვილთა მათ შენთა და ჰრქუა: დაკირთებულ ვიყვენით ჩუენ ფარაოჲსა ეგჳპტეს და გამოგვიყვანნა ჩუენ უფალმან ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
22 და ყო უფალმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდები და ბოროტები ფარაოსა ზედა და ყოველსა სახლსა მისსა წინაშე თუალთა ჩუენთა.
23 და ჩუენ გამოგვიყვანნა მიერ, რათა შემომიყვანნეს და მომცეს ჩუენ ქუეყანა ესე, რომელ აღუთქუა მიცემად მამათა ჩუენთა.
24 და მამცნო ჩუენ უფალმან ყოფად ყოველთა მათ სამართალთა მისთა და რათა გუეშინოდის უფლისა ღმრთისა ჩუენისა და კეთილი გუეყოს ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვცხონდეთ, ვითარცა-ესე დღესდღე.
25 და შეწყალებულ ვიყვნეთ, და-თუ-ვიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარ-იგი მამცნო ჩუენ. |