1 აწ გესმოდენ ისრაჱლსა სამართალი და მსჯავრი, რომელსა-ესე მე გასწავებ შენ დღესდღე ყოფად მაგისა, რათა სცხონდე და განსძლიერდე, შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან მოგცეს შენ.
2 არა შესძინო შენ სიტყუაჲ ერთი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.
3 თუალნი თქუენნი ხედვიდეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან ბელფეგოს, რამეთუ ყოველი კაცი, რომელი შეუდგა ბელფეგორსა, აღჴოცა იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან საშოვლისაგან.
4 თქუენ, ეგენი რომელ შეახლებულ ხართ უფალსა ღმერთსა თქუენსა, სცხონდეთ ვითარცა-ესე დღესდღე.
5 იგულეთ, აჰა, ესერა, მიგეც თქუენ სამართალი და მსჯავრი, ვითარცა მამცნო მე უფალმან ღმერთმან ჩემმან, რათა ჰყოთ თქუენ იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.
6 დაცვად მცნებათა მათ და ყოფად ამისა, რამეთუ ესე არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ თქუენდა, წინაშე ყოველთა წარმართთა, რომელთა ესმოდის ყოველი სამართალი ესე თქუენი. აჰა, ესერა, ერი ბრძენი და მეცნიერი ნათესავი დიდი,
7 რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა, ვითარცა უფალი ღმერთი ჩუენი მახლობელ არს ჩუენდა ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვხადოდით მას?
8 ანუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისა მიცემულ არს სამართალი და მშჯავრი მსგავსად ყოვლისა ამის შჯულისა, რომელ-ესე მე მიგეც თქუენ დღესდღე?
9 იგულე თავი შენი და დაიცევ სული შენი ფრიად, ნუ დაივიწყებ ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ-ესე იხილეს თუალთა შენთა და ნუცა განიშორებ გულისაგან შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, არამედ წურთილ ჰყვნე შვილნი შენნი და შვილნი შვილთა შენთანი.
10 დღესა მას, რომელსა-იგი წარსდეგით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ქორებს, რამეთუ მეტყოდა მე უფალი და მრქუა: შემოკრიბე ერი ეგე ჩემ წინაშე და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შეისწაონ შიში ჩემი ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენცა ცხონდენ ქუეყანასა ზედა, და ასწაონ შვილთაცა მათთა.
11 და მოჰკერბით და დასდეგით წინაშე მთასა მას და მთა იგი აღჭურვილი აღატყდებოდა ცეცხლითა ვიდრე ცადმდე და ბნელი ჴშირი ნისლისა და არმურისაჲ და ჴმაჲ ბრძანებისა უფლისაჲ.
12 გეტყოდა თქუენ უფალი მიერ მთით შორის ცეცხლსა მას, რომლისა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმოდა თქუენ, ხოლო ქმნულებასა არა ხედევდით.
13 და გითხრობდა თქუენ მცნებათა მათ, რომელ-იგი გამცნო თქუენ ყოფად მისა და მოგცნა თქუენ ათნი იგი მცნებანი შჯულისანი დაწერილნი ორთა ზედა ფიცართა ქვისათა.
14 და მამცნო მე უფალმან მას ჟამსა შინა სწავლად თქუენდა სამართალი და მშჯავრი, რათა ვყო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ თქუენ.
15 ეკრძალენით თავთა თქუენთა, რამეთუ ხატი ქმნულებისაჲ არა იხილოთ თქუენ დღესა მას, რომელსა გეტყოდა თქუენ უფალი ღმერთი მთასა მას ქორებსა შორის ცეცხლსა მას.
16 და თქუა, ვითარმედ: ნუ ურჩულოებთ, ნუცა იქმთ თავისა თქუენისა კერპთა გამოქანდაკებულთა მსგავსად ხატისა მამლისა გინა დედლისა,
17 გინა თუ მსგავსად ყოვლისავე საცხოვრისა, რომელ-რა არს ქუეყანასა ზედა, ანუ თუ მსგავსად ყოვლისა მფრინველისა ფრთოვანისა, რომელი ფრინავს ცასა ქუეშე,
18 ანუ მსგავსად ყოვლისავე ქუეწარმძრომელისა, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისსა, ანუ მსგავსად ყოვლისავე მცურვალისა, რომელი ცურავს წყალთა შინა ქუეყანასა ქუეშე.
19 ნუცა აღიხილავ ზეცად, რათა არა რაჟამს იხილო მზე, გინა თუ მთოვარე და ვარსკულავნი, ანუ თუ ყოველი სამკაული ცათა, და შესცთე თაყუანის-ცემად, ანუ მსახურებდე მათ, რომელ-იგი განგაშორნა თქუენგან უფალმან ღმერთმან თქუენმან და მისცა წარმართთა, რომელ არს ქუეშე ცასა.
20 ხოლო თქუენ შეგიწყალნა უფალმან ღმერთმან თქუენმან და გამოგიყვანნა თქუენ საჴუმილისა მისგან რკინისასა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა, რათა იყო შენ მისა ერად მკჳდრობისა დღესდღე.
21 და აწ უფალი ღმერთი განრისხნა ჩემ ზედა სიტყუათა თქუენთათჳს და ფუცა, რათა არა წიაღვიდე მე იორდანესა მდინარესა და არცა შევიდე მე ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქვენისა.
22 ხოლო აწ მე მოსიკუდიდ ვარ ამასვე ქუეყანასა და არა წიაღსლვად ვარ მე იორდანესა მდინარესა, ხოლო თქუენ წიაღჰჴდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი კეთილი.
23 ეკრძალე, ნუუკუე დაივიწყო შენ მცნებაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელ გამცნო თქუენ და არა იქმნნეთ თავისა თქუენისა კერპნი გამოქანდაკებულნი მსგავსად ყოვლისა მის, რომლისა-ესე გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან,
24 განშორებად მისგან, რამეთუ უფალი ღმერთი ცეცხლშემცველ არს და ღმერთი მოშურნე.
25 უკეთუ ისხნე შენ შვილნი, ანუ შვილისშვილნი და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა და უშჯულოებდე და ჰყო ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, და იქმნნე შენ თავისა შენისა კერპნი, და განარისხო უფალი ღმერთი შენი.
26 აჰა, ესერა, შეგწამებ მე დღეს თქუენ წინაშე ცასა და ქუეყანასა, რამეთუ მოსპოლვით მოგსპნეს თქუენ ქუეყანისა მისგან, რომლისათჳს წიაღ ხუალთ იორდანესა მდინარესა დამკჳდრებად მისა და არა დღეგრძელად დაიმკჳდროთ მუნ, არამედ მოსრვით მოისრნეთ.
27 და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა შოის წარმართთა. დაშთეთ თქუენ მცირედ რიცხჳთ წარმართთა შორის, რომელსა-იგი შეგიყვანნეს თქუენ უფალმან.
28 და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა უცხოთა, ქმნულთა ჴელითა კაცისა ძელითა და რვალითა, რომელნი არა ხედვიდეს და არცა ესმოდის, არცა ჭამდენ და არცა იყნოსდენ.
29 და ეძიებდეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა და ჰპოოთ იგი, რაჟამს ეძიებდეთ მას ყოვლითა გონებითა თქუენითა და ყოვლითა გულითა თქუენითა.
30 რაჟამს სიმდაბლით ეძიებდეთ მას ჭირსა შინა თქუენსა და მოგეგონებოდიან თქუენ სიტყუანი ესე ჩემნი შემდგომად ჟამთა. და მოიქცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა და ისმინო ჴმაჲ ბრძანებისა მისისა.
31 რამეთუ უფალი ღმერთი მოწყალე არს, უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგაგდოს შენ, არცაღა წარგწყმიდოს შენ, არცა დაივიწყოს აღთქუმაჲ იგი მამათა შენთა, რომელ-იგი ეფუცა მათ.
32 იკითხენით დღენი იგი პირველნი, რომელ-იგი თქუენსა წინა იყვნეს, ვინაჲთ დღითგან შექმნა ღმერთმან კაცი პირსა ზედა ქუეყანისასა და კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა ყოფილ თუ სადამე არს მსგავსად სიტყჳსა ამის დიდისა,
33 რომელ-ესე თქუენ გესმა, ესმა თუ რომელსამე ნათესავსა ჴმაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, ვითარ-იგი ეტყოდა შორის ცეცხლსა, რომელ-იგი გესმოდა შენ და სცხონდი.
34 ანუ თუ გან-სადამე-ცადა ღმერთმან შესლვად და გამოყვანებად ნათესავი ნათესავთაგან სასწაულებითა და ნიშებითა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და საჩუენებელითა დიდძალითა ყოველთათჳს, რომელ ყო უფალმან ღმერთმან თქვენმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე შენსა,
35 რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ არს ღმერთ და არა არს სხუა ღმერთ მისა გარე.
36 ცით გარდამო ისმა ჴმაჲ მისი სასწაულად შენდა და ქუეყანასა ზედა გიჩუენა შენ ცეცხლი იგი მისი დიდი და სიტყუაჲ იგი მისი გესმა შორის ცეცხლსა მას.
37 რამეთუ შეიყვანნა მუნ მამანი იგი თქუენნი და გამოირჩია მან ნათესავი იგი მათი შემდგომად მათსა თქუენ ყოველთა უფროჲს წარმართთა და გამოგიყვანა შენ ძალითა მით დიდითა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა.
38 დაცემად წინაშე პირსა შენსა, ნათესავები იგი დიდ-დიდები უძლიერესი შენსა შეყვანებად და მიცემად შენდა ქუეყანაჲ იგი მათი სამკჳდრებელად მკჳდრობისა შენისა, ვითარცა-ეგე გიპყრიეს დღესდღე.
39 რათა გულისხმა-ჰყო დღეს გონებასა შენსა, რამეთუ უფალი თავადი არს ღმერთ ზეცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არა ვინ არს მისა გარეშე სხუჲ ღმერთი
40 და დაიცვნე შენ მცნებანი მისნი და სამართალნი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა და დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ყოველთა დღეთა თქუენთა.
41 მას ჟამსა გამოაყენნა მოსე სამნი ქალაქნი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო.
42 შესავედრებელად კაცისმკლველთა, რათა რომელმანცა მოკლა მოყუასი თჳსი იშჳდ და არა ნებსით თჳსით, არა ზრახვით და არცა სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან და შევარდეს ეგევითარი იგი ერთსა მას ქალაქთაგანსა, განერეს და ცხონდეს.
43 ბოსორი უდაბნოჲთ კერძო, ველთა მათ ქუეყანისა რუბენისგან და ჰრომოთ გალაადით კერძო ქუეყანისა მისგან გაადისი და გულანი ბასაანსა.
44 ესე შჯული არს, რომელ დადვა მოსე წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა.
45 ესე მცნებანი არიან წამებანი და სამართალნი, რომელთა ეტყოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა მას, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
46 წიაღ იორდანესა ჴევსა მას, მახლობელად სახლისა მის ფოგორისსა, ქვეყანასა მას სეონ, მეფისა მის ამორეველთაჲსა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, რომელ-იგი მოსრა მოსე და ძეთა მათ ისრაჱლისათა, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
47 და დაიმკჳდრეს მათ ქუეყანაჲ იგი და ქუეყანაჲ ოგისი, მეფისა მის ბასაანისაჲ, ორთა მათ შარავანდედთა ამორეველთაჲ, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა,
48 მზის აღმოსავალით კერძო აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევთა მათ არნონისათა მიმთადმდე სებნისა, რომელ არს ერმონი,
49 ყოვლით კერძო არაბიაჲთ წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით ასეროთით, მთით თლილით. |