1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
2 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცსა უკუეთუ შეხუდეს დინებაჲ თესლისაჲ ჴორცთაგან მისთა, დინებაჲ იგი მისი არაწმიდა არს.
3 და ესე შჯული არს არაწმიდებისა მისისაჲ, რომელსა სდიოდის შობადი ჴორცთაგან მისთა დინებისა მისგან, რომლითა შეიქმნა ჴორცი მისი გამოდინებითა მით, ესე არს არაწმიდებაჲ მისი მის თანა. ყოველნი დღენი დინებისა ჴორცთა მისთანი, რომლითა შეიქმნა გუამი მისი დინებისა მისგან, არაწმიდებისა მისისა.
4 ყოველი საწოლი, რომელსა დაწვეს მას ზედა თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.
5 და კაცი რომელი შევხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე
6 და რომელი დაჯდეს ჭურჭელსა ზედა, რომელსა ზედა ჯდა თესლგამომდინარე იგი, განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
7 და რომელი შეეხოს სხეულსა მის თესლმდინარისსა, განირცხეს სამოსელი თჳსი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
8 უკუეთუ ჰნერწყოს თესლმდინარემან მან წმიდასა ვისმე, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოდ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
9 და ყოველსავე უნაგირსა კარაულისასა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.
10 და ყოველსა, რომელსა შეეხოს ყოვლისაგანსა, რომელი იყოს ქუეშე მისსა, არაწმიდა იყოს. და რამელმან აღიღოს იგი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
11 და რაოდენსა შეეხოს თესლმდინარე იგი და ჴელნი არა დაიბანნენ წყლითა, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
12 და ჭურჭელსა კეცისასა, რომელსა შეეხოს თესლმდინარე იგი, შეიმუსრენ და ჭურჭელი ძელისაჲ გაირცხეს წყლითა და წმიდა იყოს.
13 უკუეთუ განწმიდეს თესლმდინარე იგი გინებისაგან მისისა და აღირაცხნეს შჳდნი დღენი განწმედისა მისისანი, და განირცხეს სამოსელი მისი, და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ცხოველითა და წმიდა იყოს.
14 და დღესა მერვესა მოიხუნეს თავისა თჳსისა ორნი გურიტნი, ანუ თუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი წინაშე ღმრთისა კართა ზედა კარვისა საწამებელისათა.
15 და მისცეს იგი მღდელსა მას და შეწიროს იგი მღდელმან მან ერთი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს თესლისა მისისა.
16 და კაცისაგან რომლისაჲ გამოჴდეს მისგან საწოი თესლისაჲ და არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
17 და ყოველივე სამოსელი და ყოველივე ტყავი, რომელსა ზედა იყოს საწოლი იგი თესლისაჲ, განირცხეს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
18 და ცოლისა თანა უკუეთუ დაწვეს ქმარი მისი საწოლითა თესლისაჲთა, განიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
19 და დედაკაცი რომელი იყოს წიდოვანებასა შინა მისსა და წიდოვნებაჲ იგი იყოს მის თანა, შჳდ დღე იყოს ჯდომასა მას მისსა ზედა.
20 ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
21 და ყოველსა რომელსა ზედა დაწვეს განსლვასა მას მისსა, არაწმიდა იყოს.
22 და ყოველი რომელი შეეხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს.
23 და ყოველი რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, სადა-იგი დაჯდა, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი წყლითა. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
24 უკუეთუ დაწვეს იგი რასმე ზედა, რომელსა ზედა დაჯდა იგი შეხებასა მას მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. უკეთუ დაწოლით ვინმე დაწვეს მის თანა და არაწმიდებაჲ იგი იყოს მის თანა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. და ყოველი საწოლი, რომელსა ზედა დაწვეს, არაწმდა არს.
25 გინათუ დედაკაცი, რომელსა სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ დღეთა მრავალთა და ჟამსა განსლვისა მისისასა, დაღათუ სდიოდის შემდგომად დაჯდომისა მისისა ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, ვითარცა დღენი დაჯდომისა არაწმიდებისა მისისანი, იყუნენ არაწმიდაჲ.
26 და ყოველსა საწოლსა რომელსა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა დღეთა მათებრვე საწოლისა არაწმიდებისა მისისა, შეერაცხნენ მას და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს არაწმიდა იყოს მსგავსად არაწმიდებისა მისებრვე დაჯდომისა.
27 ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს და განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
28 უკუეთუ განწიდნეს გინებისაგან მისისა, და აღირაცხნენ შჳდნი იგი დღენი მისნი და ამისა შემდგომად განწმიდნეს.
29 და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი მღდელსა მას კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
30 და შეწიროს მღდელმან მან ერთი იგი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად და ლხინება-ყოს მისთჳს წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს არაწმიდებისა მისისა.
31 და მოშიშ ქმნენით ძენი ისრაჱლისანი არაწმიდებათაგან მათთა და არა მოწყდენ არაწმიდებათა მათგან შეგინებითა მით მათითა კარავი იგი ჩემი, რომელ არს მათ შორის.
32 ესე არს შჯული თესლმდინარისაჲ მის და უკუეთუ ვისიმე გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ და შეიგინოს მით.
33 და დედაკაცსა, რომლისა თანა იყოს წიდოვანებაჲ, და თესლმდინარესა დინებითა მისითა მამაკაცსა.
34 გინა თუ დედაკაცსა და ქმარი, რომელი დაწვეს არაწმიდათა თანა. |