1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცმან თუ ცოდოს წინაშე ღმრთისა არა ნეფსით ყოველთა მათგან ბრძანებათა ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ყოს ერთი რაჲმე მათგანი,
3 უკუეთუ მღდელთმოძღუარმან მან ცხებულმან ცოდოს ესე ერისა ცოდვაჲ და მოიბას ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ჴბოჲ ზროხათაგან უბიწო ღმრთისა წინაშე ცოდვისა მისთჳს.
4 და წარმოიბას კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა წინაშე ღმრთისა და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა და დაკლას ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა.
5 და მოიღოს მღდელმან მან ცხებულმან, განსრულებულმან, ჴელითა მისითა სისხლი იგი ჴბოჲსაჲ მის და შეიღოს იგი კარავსა მას საწამებელისასა.
6 და დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა წინაშე ღმრთისა კრეთსაბმელსა მას თანა წმიდასა.
7 და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ჴბოჲსა რქათა მათ საკურთხეველისათა საკმეველისა მის აღზავებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველივე იგი სისხლი ჴბოჲსაჲ მის მოაპკუროს წინაშე ხარისხსა მას საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს წინაშე კართა მათ კარვისა საწამებელთა.
8 და ყოველი ცმელი ჴბოჲსაჲ მის ცოდვათაჲსაჲ მოჰჴადოს მისგან, ცმელი იგი ნაწლევთაჲ
9 და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთა თანა და ძირი იგი ღჳძლისაჲ თირკმელთა თანა მოჰჴადოს.
10 ვითარცა-იგი მოჰჴადეს ჴბოსა მას შესაწირავისა საცხორებელისასა და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფთასა.
11 და ტყავი ჴბოჲსაჲ მის და ყოველი ჴორცი მისი თავ-ფერჴითურთ და ნაწლევით და ფუშნიერით.
12 და ყოვლადვე ჴბოჲ იგი განიღოს გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა, სადა-იგი დასხიან ნაცარი და დაწჳან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა და სათხეველსა თანა ნაცრისასა და დაიწუეს იგი.
13 და უკუეთუ ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან უმეცრებაჲ ქმნეს არა ნეფსით, და დაეფაროს სიტყუაჲ იგი თუალთაგან კრებულისათა, და ყონ ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ყოფად ჯერ-იყო,
14 და განცხადნეს მათი იგი ცოდვაჲ, რომელ ცოდეს მას შინა, მოიბას კრებულმან მან ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისა მისთჳს და მოჰგუარონ იგი კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.
15 და დაასხნენ ჴელნი მოხუცებულთა მათ ერისათა თავსა მას ზედა ჴბოჲსა წინაშე ღმრთისა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა.
16 და შეიღოს მღდელმან მან ცხებულმან სისხლისა მისგანი ჴბოჲსაჲ კარვად საწამებელისა.
17 დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდგზის წინაშე ღმრთისა პირისპირ კრეთსაბმელსა მას სიწმიდისასა.
18 და მისვე სისხლსგანი სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა საკმეველისათა წინადაგებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველი იგი სისხლი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს კართა მათ ზედა კარვისა მის საწამებელისათა.
19 და ყოველი ცმელი მოიღოს მისგან და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა.
20 და ყოს ჴბოჲ ესე, ვითარცა სახედ ყო ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ, ეგრევე იყოს ესე. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან მან და მიეტევნენ მათ ცოდვანი მათნი.
21 და განიღონ ჴბოჲ იგი გარეშე ბანაკსა მას და დაწუან იგი, ვითარცა სახედ დაწუეს ჴბოჲ იგი პირველი: ცოდვისა მისთჳს, კრებულისა არს ესე.
22 უკუეთუ მთავარმან მან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად,
23 და ცოდოს და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ.
24 და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
25 და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.
26 და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისაჲ მის ცხორებისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.
27 უკუეთუ კაცმან ერთმან ერისა მის ქუეყანისამან ცოდოს ცოდვაჲ არა ნებსით და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგან ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ქმნეს,
28 და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელ ცოდა და მოიბას თიკანი თხათაგანი, ნეზჳ უბიწოჲ, ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა
29 და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა, რომელ-იგი არს ცოდვისათჳს, და დაკლან თიკანი იგი ცოდვისაჲ ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.
30 და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგანი თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისათა ყოვლად დასაწველთასა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს ხარისხთა თანა საკურთხეველისათა.
31 და ყოველივე ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა-სახედ მოჰჴადიან ცმელი შესაწირავსა და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელად ღმრთისა; და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან, და მიეტეოს მას.
32 უკუეთუ ცხოვარი შეწიროს მსხუერპლად თჳსა ცოდვისათჳს, ნეზჳ უბიწოჲ შეწირენ იგი.
33 და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა ცოდვისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწველნი იგი.
34 და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲ თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველივე სისხლი მისი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.
35 და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა მოჰჴადიან ცმელი ცხოვარსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და სცხოს მღდელმან მან საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა. და ულხინოს მღდელმან მან ცოდვაჲ იგი მისი და მიეტეოს მას. |